"ჩაიკა" - რუსული კლინიკის ერთადერთი ფილიალი რუსეთს გარეთ, თბილისში გაიხსნა

გამოქვეყნდა:

"რუსული კლინიკების ქსელის, "ჩაიკას" ქართული ფილიალი, თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. ინსტაგრამზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული  საზეიმო ვიდეო იუწყება, რომ კლინიკამ პაციენტების მიღება დაიწყო.

ადგილზე მისულებს კლინიკაში მხოლოდ რეგისტრატორები დაგხვდნენ, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ კლინიკა ჯერ არ გახსნილა.

საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად რუსული "ჩაიკა " გთავაზობთ პედიატრის, დერმატოლოგის, ორთოპედის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროლოგის მომსახურებას. ფასები საიტზე რუბლებშია მითითებული, კონსულტაციის მინიმალური ღირებულება ასი ლარის ექვივალენტია. მედიკოსების ჩამონათვალში კი არიან, როგორც რუსი, ასევე რუსულად მოსაუბრე ქართველი ექიმებიც.

"ჩაიკას" კლინიკათა ქსელს მოსკოვში შვიდი ფილიალი აქვს, თბილისში გახსნილი სამედიცინო ცენტრი ქსელის ერთადერთი საზღვარგარეთ გახსნილი კლინიკაა. 

ამავე საიტის მიხედვით ჩაიკას კლინიკური დირექტორი ქსენია იურკინასია, რომელმაც საქართველოში კარიერის მოწყობა  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა. კლინიკათა ქსელის ახლანდელი მფლობელი კი პოლინა იუმაშევაა - რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, რომელსაც ორი კორუფციული კლანის დამაკავშირებლად მიიჩნევენ.

პოლინას მამა ვალენტინ იუმაშევი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი და რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. პირველ ცოლთან დაშორების შემდეგ ის ელცინის სიძეც გახდა და მასზე დაწერილი მემუარების ავტორიც. ელცინი ერთადერთი პრეზიდენტი არ იყო, რომელსაც იუმაშევმა წიგნი მიუძღვნა - ის ვლადიმერ პუტინის ერთგვარ იმიჯმეიქერადაც იქცა სწორედ მან დაწერა კგბ-ს ყოფილ ოფიცერზე პირველი საიმიჯო წიგნი.

ორი პრეზიდენტის მაქებრის ქალიშვილი პოლინა იუმაშევა კი 2001 წელს რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკაზე დაქორწინდა. ისიც რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი პირია. ამიტომ,  ეს ქორწინება ორი რუსული ოლიგარქიული კლანის - იუმაშევ-ელცინისა და დერიპასკას გაერთიანებად შეფასდა.

ოლეგ დერიპასკას ვრცელი გამოძიება მიუძღვნა რუსმა ოპოზიციონერმა. ნავალნი სკანდალური თევზაობის დეტალებს ყვებოდა, თუ როგორ იღებდა დერიპასკა ინსტრუქციებს სერგეი პრიხოდკოსგან, რუსი ოლიგარქების ერთგვარი კურატორისგან, რომელსაც მამას ეძახდა, ამბავი არც მეტი არც ნაკლები იახტაზე მყოფმა ესკორტის მოდელმა გაავრცელა.

სავარაუდოდ ერთ-ერთი ასეთი ინსტრუქცია იყო ოლეგ დერიპასკას მიერ ტრამპის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსისთვის მილიონი დოლარის გადაცემაც, ეს ამერიკულმა მედიამ არჩევნებში ჩარევად შეაფასა.

2018 წელს ამერიკამ ოლეგ დერიპასკა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიები დაასანქცირა. ამავე წელს მას მეუღლე, თბილისური ჩაიკას მფლობელი პოლინა იუმაშევა გაშორდა, რომელსაც დერიპასკას კომპანიის 500-600 მილიონ დოლარად შეფასებული აქტივები გადაეცა - ასე იქცა ის რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ბიზნესვუმენად.

პოლინა იუმაშევამ ჩაიკის ქსელის 86,37 %ანი წილი შარშან იყიდა, წელს კი ბიზნესის გაფართოების მიზნით კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე გახსნა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი