
საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შვილისა და სიძის სტუმრობა არ გაუშუქებია რუსულ სამთავრობო მედიას. ქორწილს არ გამოხმაურებიან არც ცნობილი პროპაგანდისტები - მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სალავიოვი.
სახელისუფლებო სააგენტო TASS კი მხოლოდ იმას წერს, რომ საქართველოში, ერთ-ერთ სასტუმროსთან აქტივისტები დააკავეს. "ტასი" ამბობს, რომ პროტესტის მონაწილეები ყვარელში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც "ოპოზიციურმა ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქორწილში მისული ერთ-ერთი რუსი მინისტრის ნათესავები საქართველოში იმყოფებოდნენ".
სამაგიეროდ პროპაგანდისტული მედია წერს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ოპოზიციამ არაერთხელ მოაწყო "პროვოკაცია" რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ. "ტასს" ამის მაგალითად 2019 წელს გავრილოვის ჩამოსვლა და 2021 წელს პოზნერის დაბადების დღის აღნიშვნას ასახელებს.