
"აფხაზური ამბების" დამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია ქართული პოლიციისა და "აფხაზური პოლიციის" სინქრონულ ქმედებებზე წერს. მისი ინფორმაციით, ყოველ ჯერზე, როდესაც ის აქ აქტიურობს და აპროტესტებს ხელისუფლების სხვადასხვა ქმედებებს, "აფხაზური პოლიცია" გალში, მისი ოჯახის წევრებთან მიდის და ემუქრება:
ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება რომ ესენი რუსები არიან.
მნიშვნელობა არ აქვს რა არგუმენტს მოუყვან, რა ფაქტს დაუსახელებ, მაინც იძვრენენ თავს და სამი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიუროს მიერ ავთენტურობა-დადასტურებულ პუტინის და ბიძინას სატელეფონო ჩანაწერს ითხოვენ მტკიცებულებად.
ჩემგან ითხოვენ
მე არ მჭირდება ასეთი მტკიცებულება
მე არც იმაში დარწმუნება მჭირდება რომ ანაკლია რუსებმა გააჩერეს, არც იმაში რომ რუსული კანონი მართლა რუსული იყო, და არც იმაში რომ დღეს რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება პუტინს ეხმარება ქვეყნის შიგნით იმის დემონსტრირებაში რომ იზლოაციაში ვერ აქცევს დასავლეთი. და ა.შ და ა.შ.
მე გალიდან ვარ
რუსებს გამოვექეცი იქიდან
და ყოველ ჯერზე როცა აქ ვაქტიურობ, ვაპროტესტებ ამათ სხვადასხვა ნაბიჯსა თუ განცხადებას, გალში ჩემ ოჯახს ადგება ‘აფხაზური პოლიცია’ და ‘სთხოვენ’ გამაჩერონ
ახლაც, რამდენიმე დღის წინ დამაკავეს ყვარელში, საპროტესტო აქციაზე
და დღეს ისევ საფრთხე ექმნება ჩემს ოჯახს გალში
იგივე მოთხოვნით
ჩემთვის ქართული პოლიციის და ‘აფხაზური მილიციის’ ეს სინქრონიც სრულიად საკმარისია იმის მისახვედრად თუ ვინ არიან ესენი და რას უპირებენ ამ ქვეყანას
არანაირი სხვა მტკიცებულებები და ექსპერტიზით გამყარებული ფაქტები მე არ მჭირდება
მე და ჩემი ოჯახი ვართ ფაქტი" წერს გელა ხასაია.
შეგახსენებთ, ხასაია ქართულმა პოლიციამ ბოლოს ყვარელში გამართულ აქციაზე დააკავეს, სადაც საზოგადოება ოკუპანტების კახეთში მოლხენასა და ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ჩამოსვლას აპროტესტებდა. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.