თსუ-ს რექტორობის არჩევნებში გიორგი ბარამიძემ საკუთარი კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გია ბარამიძემ პროტესტის ნიშნად არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ბარამიძე ამბობს, რომ პროგრამა ZOOM-ში, სადაც კანდიდატებთან გასაუბრება ტარდებოდა, მას მიკროფონი სპეციალურად გაუთიშეს.

ვითომ ჩემი ხმა არ  ესმოდათ, არადა მე სულ მჭირდებოდა 2 წუთი, რომ ყველაფერი მეთქვა მათთვის, კანდიდატურას ვხსნი, ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი, მე ბოიკოტს ვუცხადებ მთალიანად ამ პროცესს, როგორც პოლიტიკურ პროცესს. დიდი ხანია უნვერსიტეტში მიდის აკადემიური ვაჭრობა, - თქვა გიორგი ბარამიძემ.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ნატა ასათიანის განცხადებით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ყველა კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონოდა. 

ერთ-ერთმა კანდიდატმა, სამწუხაროდ, ZOOM-ის გამოყენებისას ვერ ჩართო მიკროფონი, დასანანია, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სემესტრის განმავლობაში აკადემიური ცხოვრება ზუმის საშუალებით მიმდინარეობდა, მან ეს არჩევენების დღეს, რატომღაც ვერ მოახერხა, - თქვა ნატა ასათიანმა.

ასათიანის თქმით, ადმინისტრაციამ შესთავაზა ბარამიძეს ადგილზე მოსულიყო, სადაც ტექნოლოგიური ხარვეზი აღარ იქნებოდა რაზეც მან უარი განაცხადა.

დღეს, 4 აგვისტოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ახალი რექტორი უნდა აირჩიოს. კენჭისყრა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. კანდიდატებთან გასაუბრება Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით გაიმართება, არჩევნების შედეგები კი ძალაში 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან შევა.

რექტორობის კანდიდატები არიან:

  • მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე;
  • პროფესორი გიორგი ბარამიძე;
  • პროფესორი ცირა ბარამიძე.

რექტორობის კანდიდატებს საზოგადოებისთვის უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება მოუწიათ, რომლებიც თსუ-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

გიორგი შარვაშიძე საკუთარ გეგმაში ყურადღებას უნივერსიტეტის საერთაშორისო ასპარეზზე დაწინაურებაზე ამახვილებს. გიორგი ბარამიძე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას აკადემიურ კეთილსინდისიერებას ანიჭებს მაშინ, როდესაც მოქმედი რექტორი პლაგიატშია დადანაშაულებული. რაც შეეხება ცირა ბარამიძეს, იგი სისტემურ ცვლილებებსა და უნივერსიტეტის ავტონომიაზე აკეთებს აქცენტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი