
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავენ და მას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
გერმანიაში მცხოვრები ქართველები წერილში აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად შემაფერხებელი ფაქტორია:
"ეჭვქვეშ არ დგას, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა დიდი შემაფერხებელი ფაქტორია ევროკომისიის რეკომენდაციების მეშვიდე პუნქტის შესასრულებლად. ამის დასტურია ევროპარლამენტის შესაბამისი რეზოლუცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მომართვები და საქართველოს სახალხო დამცველისა და დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნები ნიკა გვარამიას პოლიტპატიმრობის შესახებ.
თქვენ ერთერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება პრეზიდენტის თავისუფალი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას და ამავდროულად გვესმის სახელმწიფო ორგანოების კონსტიტუციური ვალდებულებაც, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი განსაზღვრავს თქვენს - როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის - მნიშვნელობას, რის მიხედვითაც თქვენი ვალდებულებაა, მიიღოთ ყველა ზომა თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ როგორც პრეზიდენტს და ასევე ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწეების, ლევან ზურაბიშვილისა და ზეინაბ კედიას შვილს და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს გესმით საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულება და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა.
ამიტომ მოგიწოდებთ, არ დაუშვათ შესაძლებლობა, რომ ისტორიამ დაგადანაშაულოთ როგორც საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელიც ფორმალურად ამოეფარა შეწყალების დისკრეციულობას, გატეხა საკუთარი დაპირება ქართველი ხალხის წინაშე, არ მიეტოვებინა ქართველი ხალხი ევროპულ გზაზე და არ იღონა ყველაფერი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ვინაიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების შესახებ ახლოვდება, მოგმართავთ თხოვნით, აიღეთ თქვენს თავზე ნიკა გვარამიას საქმე და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების გათვალისწინებით", - ნათქვამია მიმართვაში.