თუშეთის მაღალმთიან ზონაში მწყემსი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

თუშეთის მაღალმთიან ზონაში მწყემსი გარდაიცვალა.

40 წლამდე კაცი სოფელ ხისოდან მაშველებისა და ადგილობრივების დახმარებით გადმოასვენეს. ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიჩხოვანიდან იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსი ცხვრის გადარეკვის დროს შეუძლოდ გახდა. მას პირველადი დახმარება ადგილზე მყოფმა პირებმა აღმოუჩინეს, თუმცა კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემიდან გამომდინარე, ვერ შესრულდა ავიარეისი. მწყემსის გადმოსვენება მაშველებმა და ადგილობრივებმა ცხენების დახმარებით შეძლეს.

ცხედარი თავდაპირველად გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოგვიანებით კი საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. 

თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ყოველი წლის ოქტომბრის თვეში იკეტება და მაისის ბოლოს იხსნება. გზის გაწმენდით სამუშაოებს მძიმე ტექნიკა ასრულებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი