
ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში 20 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება. პარლამენტმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებას პირველი მოსმენით, 80 ხმით დაუჭირა მხარი.
წლის განმავლობაში, წესების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, მესაკუთრე დაჯარიმდება 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა.
კანონპროექტი ასევე, შეეხება თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა - პირუტყვის მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.