გელათის სამონასტრო კომპლექსში დილიდან იტალიელი სპეციალისტები მუშაობდნენ. დღეს დილიდან კომპლექსში უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი ჩავიდა და რეაბილიტაციის პროცესის ახალი ეტაპი დაიწყო.
ინჟინრებმა და არქიტექტორებმა მონასტერში არსებული მდგომარეობა შეაფასეს. ვითარება გელათის ტაძარში ახლა კიდევ უფრო მძიმეა.
სპეციალისტებთან ერთად დღეს ადგილზე საპატრიარქოსა და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არქიმანდრიტი კირიონია, რომელმაც ე.წ „კარტოგრაფების საქმეზე“ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება მისცა. სასულიერო პირის თქმით, სამონასტრო კომპლექსის ხარისხიანად რეაბილიტაციისთვის , პროცესში კვალიფიციური უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.
პროცესს კრიტიკულად უყურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით, რეაბილიტაციაში პროფესიონალების ჩართულობის მიუხედავად , თავად პროცესი არაჯანსაღად მიმდინარეობს, რადგან მას შესაბამისი კომპეტენციის არმქონე ორგანიზაცია - საპატრიარქო ხელმძღვანელობს.
გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ კულტურის სამინისტროსგან რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული კრიზისი კი არაერთი წელია გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება პირვანდელი სახე მე-12 საუკუნის ისტორიულ ძეგლს.