საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 2 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციასა და უფლებადამცველების დაკავებას გამოეხმაურა. ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
"სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.
ასევე, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ბანერების გამო პოლიციამ აქტივისტები უფლებადამცველები დააკავა. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ გამოსვლებსა და პრორუსულ განცხადებებს აპროტესტებდნენ. მათ ადგილზე შესაბამისი შინაარსის წარწერებით ბანერები ჰქონდათ მიტანილი, ზოგ მათგანს კი ხელში ცარიელი ფურცლები ეჭირა.