თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაცია ხელფასებს გარდაცვლილ ადამიანებს ურიცხავდა. უნივერსიტეტების კუთვნილ მანქანებში კი, ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდა. გაურკვეველი პირები უნივერსიტეტებისგან ანაზღაურებას ხელშეკრულების გაფორმების გარეშე იღებდნენ - ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლის შესახებაც აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია.
აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო უნივერსიტეტების 2021 წლის ფინანსური ოპერაციები შეისწავლა და დაასკვნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაერთ ფინანსურ გადაცდომას აქვს ადგილი. მაგალითად თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში თანამშრომლებს ხელფასს არა მათ პირად, არამედ გაურკვეველ ანგარიშებზე ურიცხავდნენ. თანხის მიმღებ პირებად ფიქსირდებიან უნივერსიტეტისთვის სრულიად უცნობი ადამიანები, რომელთა ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იძებნება. დარღვევები რომ ნამდვილად ფიქსირდება ამას სასწავლებელში არ უარყოფენ. გვიდასტურებენ, რომ უნივერსიტეტში მოქმედებდა კონკრეტული ადამიანების ჯგუფი რომლებიც თაღლითური სქემების საშუალებით უნივერსიტეტის კუთვნილ ფულს ითვისებდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოკუმენტების შესწავლის შემდეგ აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთების მონაცემები - საკადასტრო კოდები მათ არ გააჩნიათ. ასევე უნივერსიტეტის სახელზე ირიცხება არაერთი შენობა- ნაგებობა, რომელიც არ არის მის სახელზე რეგისტრირებული, რაც აჩენს კორუფციის ეჭვს. სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ გაარკვიეს, ჰქონდათ თუ არა წაკითხული აუდიტის ეს დასკვნა და შესაბამისად, ბრალდებებზე მათგან პასუხი ვერ მივიღეთ.
ხელისუფლება ცდილობს გააკონტროლოს ყველა სფერო, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცე. ამას ადასტურებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის ჩატარებული რექტორის არჩევნები. ხელისუფლებისთვის სასურველი, ერთადერთი კანდიდატი, სტუდენტების მწვავე პროტესტის ფონზე არჩეული - ჯაბა სამუშია. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში კი უკონკურენტოდ გამარჯვებული - დავით გურგენიძე, რომელსაც ფონად კრიმინალური წარსული და სამი ნასამართლეობა აქვს.
ამ ფონზე კი, ხელისუფლება უპირისპირდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, სადაც ქართული ოცნება გავლენების გაძლიერებას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით ვერ ახერხებს.