რუსული ესკორტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში გადაადგილდებოდა, რამზან კადიროვის გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეგ ახმედხანოვისაა. ახმედხანოვი თბილისსა და ბათუმში იმყოფებოდა.
პირი, რომელმაც საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილება გადაიღო, "მთავარი არხის" კამერასთან ყვება, რომ სცადა გაერკვია, ვინ გადაადგილდებოდა ამ ავტომანქანებით, თუმცა ესკორტში მყოფმა დაცვის სამსახურმა ავტოკოლონასთან მიახლოების უფლება არ მისცა. მისივე თქმით, კადიროვის გარემოცვის წევრი საქართველოში ყოფილ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სტუმრობდა.
"გზად შევესწარი ამ ჯიპების გადაადგილებას. 3 მერსედესის ჯიპი, ერთი ლენდკურუიზერი, ჩაბურული შუშებით მოძრაობდნენ. ყურადღება მიიპყრო იმან, რომ ეს მანქანები იყვნენ ერთი და იმავე სანომრე ნიშნებით. როცა ვცადე შუაში ჩავმდგარიყავი, სავარაუდოდ დაცვის ჯიპმა გვერდი ამიარა, ჩამიჭრა და წინ გადამიდგა. მოძრაობდნენ სტეფანწმინდის მიმართულებით. იქვე ერთ-ერთ რესტორანთან მოუხვიეს, შეჩერდნენ. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები ოთარ ფარცხალაძის სტუმრები არიან, გარუსებული ოთარ ფარცხალაძის, რომელმაც რუსული პასპორტი აიღო, და მასთან იმყოფებოდნენ სტუმრად", - თქვა წალენჯიხის მერის მოადგილემ, ლადო ბურდულმა.
თბილისში რუსული ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით კომენტარი არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, 3 ივნისს სოციალური ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ გადაადგილდება რუსულნომრიანი ესკორტი ქვეყნის მასშტაბით.