
რესტორატორთა ასოციაციის წევრები ემიჯნებიან ბათუმში, "რეტროში" მიმტანზე ძალადობის ფაქტს და აცხადებენ, რომ მომხდარი ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის საქმიან რეპუტაციას.
"ჩვენ, რესტორატორთა ასოციაციის წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით და ვგმობთ ბათუმში, რესტორან "რეტროში" მომხდარი ძალადობის სამარცხვინო ფაქტს!
ის, რაც სხვა და სხვა მედიასაშუალების და სოციალური ქსელის მეშვეობით ვიხილეთ, ამაზრზენია და ბღალავს არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ ყოველი რესტორატორის წლების განმავლობაში ნაშენებ საქმიან რეპუტაციასა და იმიჯს!!!" - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, მიმტანზე ფიზიკური ძალადობის ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელა. როგორც რესტორნის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, თეიმურაზ ვარშანიძე რესტორანში რუსეთის მოქალაქეებს ასაქმებდა, რომლებსაც უფრო მეტ ხელფასს უხდიდა, ვიდრე ქართველებს. მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რესტორანში მომხდარი დაპირისპირებაც.
რესტორან "რეტროს" მფლობელ თეიმურაზ ვარშანიძეს 6 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა "შპს რეტროსა" და "შპს რესტრო 2"-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა და დამატებით, ობიექტები 30 000 ლარით დააჯარიმა.