5 მლნ ლარი რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულ კომპანია "სევერს" აჭარის მუნიციპალიტეტებიდან | TI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია "სევერი" მიუსაფარ  ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს აჭარის მუნიციპალიტეტებში.

TI-ის ცნობით,  ჯამში, 2013 წლიდან დღემდე "სევერმა" 4 979 714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი თანხა, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერების ან სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ კომპანია "სევერი" (რეგისტრაციის დასახელება „Север”) 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბერში კომპანიის 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმა შეიძინეს. 2022 წლის ნოემბრის ცვლილებებით, კომპანიის დირექტორი ჯემალ გოგიტიძე გახდა, კომპანიის 90% წილს ანდრეი ბალაშოვი ფლობს, 10%-ის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკია.

"2022 წლის ნოემბერში ილდარ ნევეროვმა თავისი 50% წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს საქართველოში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიაში. შპს „ტიორი” („Tyor”) ნევეროვმა და ბალაშოვმა 2011 წლის აპრილში დააფუძნეს, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას „სევერი” სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა. შარშან ნოემბერში ნევეროვი „ტიორის” დირექტორობიდანაც გადადგა. ნევეროვმა და ბალაშოვმა მანამდე კვიპროსზე დააფუძნეს მსგავსი სახელწოდების ოფშორული კომპანია - Tyor Commercial Inc., რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის (ICIJ) ბაზაში იძებნება. საქართველოში მათ „ტიორი” იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე „სევერი” დაფუძნდა", - წერს TI.

ორგანიზაცია წერს, რომ ილდარ ნევეროვი არის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საკითხების საზოგადოებრივი ბიზნეს-ომბუდსმენი რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში. 

ამავდროულად, ნევეროვი 2010 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქმიანი რუსეთის" საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ამავე ორგანიზაციის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეა.

"Საქმიანი რუსეთი” მუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პერიოდულად იწვევს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ", - წერს TI.

დღეს ნევეროვი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის, Arktikugol-ის დირექტორი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ამბობს, რომ ეს კომპანია მუშაობს არქტიკის განვითარების პროგრამაზე, მოიპოვებს ქვანახშირს შპიცბერგენის არქიპელაგზე და ცდილობს მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდას მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ნაწილობრივ სანქცირებულია. თუმცა ნევეროვის ბიზნეს ინტერესები მრავალმხრივია:

"სხვადასხვა დროს იგი საქმიანობდა რუსეთის მეორეული ლითონების ბაზარზე, მონაწილეობდა ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოების მართვაში, იყო მურმანსკის საზღვაო კომპანიის გამგეობის წევრი, შედიოდა არქტიკისა და ჩრდილოეთის საზღვაო გზის განვითარების ჯგუფში.

Საყურადღებოა, ის გარემოება, რომ ილდარ ნევეროვი იყო სააქციო საზოგადოება „ბანკ სპუტნიკის” დირექტორთა საბჭოს  წევრი.  ამ კომპანიას აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა 2022 წლის 27 მაისს სანქცია დაუწესა. ეს სანქცია რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო არ დაუწესებიათ და იგი გამოიწვია ბანკის ურთიერთობამ ჩრდილოეთ კორეასთან", - წერია კვლევაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ომი და სანქციები” დასასანქცირებელ პირთა რიცხვში განიხილავს ილდარ ნევეროვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლაი რუზავინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი. Ნევეროვი და რუზავინი ერთად ფლობენ კვიპროსზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას - Siberia Metals Ltd, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე იძებნება გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ცნობილ საგამოძიებო პროექტში (Panama Papers, Pandora).

ილდარ ნევეროვი თბილისში, ი. ჭავჭავაძის #80-ში ფლობს 196 კვ.მ. Ბინას, რომელიც 2012 წლის მარტში შეიძინა.

TI წერს, რომ დაფუძნებიდან მალევე, 2011 წლის 29 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ "სევერს" უზუფრუქტით გადასცა ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12,208 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 511 კვ.მ. 4 ნაგებობა იდგა. კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, მათ მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წლიდან „სევერი” აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში და როგორც აღმოჩნდა, დღემდე არის ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირების და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანია.

2013-2023 წლებში სატენდერო ხელშეკრულებებიდან მიღებული თანხა და კონკურენციის პირობები მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი