ჩეჩნური და აზერბაიჯანული კრიმინალური დაჯგუფებების შეხვედრა თბილისში - "მთავარს" წყარო კადიროველების ვოიაჟის დეტალებს უყვება

გამოქვეყნდა:

რა უნდოდათ შეიარაღებულ კადიროველებს საქართველოში შესაბამისი უწყებები არ ამბობენ,  თუმცა "მთავარმა არხმა" გაარკვია, რა მიზნით იმყოფებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრი ასლამბეკ ახმედხანოვი ქვეყანაში.

წყარო გვიყვება, რომ ახმედხანოვ სულტანოვიჩის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი "კრიმინალურ ავტორიტეტებთან" შეხვედრა იყო. ირკვევა რომ შეხვედრაზე "ქურდული სამყაროს" ორი დაჯგუფება აზერბაიჯანელი "კანონიერი ქურდის", როვშან ჯანიევის, იგივე "ლანქარანსკისა" და  ჩეჩენი "კანონიერი ქურდის" ხამზათის  გარემოცვის წევრები  ესწრებოდნენ.

შეხვედრის დეტალები უცნობია,  თუმცა ცნობილია რომ  მხარეები ერთმანეთს   თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის  გამზირზე  მდებარე რესტორან "ნასიმის" მეორე სართულზე  შეხვდნენ. ობიექტის მფლობელები ჩეჩნები არიან.

წყაროს ცნობით, ახმედხანოვი ჩეჩენი "კანონიერი ქურდის", ხამზათ გასტამიროვის მხარეს წარმოადგენდა. წყარო გვიყვება რომ ის მარჯანიშვილზე ესკორტმა მიაცილა, თუმცა  შეხვედრის დასრულებას გარეთ მხოლოდ  ც კლასის მარკის ავტომობილი ელოდებოდა.  

აზერბაიჯანელი "კრიმინალური ავტორიტეტი" როვშან ლანკარანსკი 2016 წლის 18 აგვისტოს სტამბოლში მოკლეს. მისი სახელი და გვარი დაკავშირებულია არაერთ გახმაურებულ საქმესთან. მისი სიკვდილის  შემდეგ  მთელი ქონება  ჩეჩენ "კანონიერ ქურდს"  შეიხ ხამზათს გადაეცა. 

სავარაუდოა, რომ თბილისში შეხვედრა მათთვის ყველაზე უსაფრთხო იქნებოდა და ვერც ეჭვს მიიტანდა ვინმე. კადიროველებმა საქართველო ისე დატოვეს, ძალოვნებს ისინი არ შეუწუხებიათ. 

ვინ ახლდა შეხვედრისას ახმედხანოვს, რესტორანში არ საუბრობენ, თუმცა სოციალურ ქსელში თავად მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ფოტოებით დგინდება, რომ მამაკაცი საქართველოში თავის ორ ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. 

ძმები, რახმან და როხიმ ახმედხანოვები მამის კომპანიაში მუშაობენ და ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ხშირად იწონებენ თავს სხვადასხვა იარაღიდან შუა ქუჩაში სროლით. მამა -შვილები შეიარაღებული დაცვით გადაადგილდებიან და საეჭვოა, რომ საქართველოში მათი დაცვა შეიარაღების გარეშე შემოსულიყო.

დგინდება, რომ კადიროველები საქართველოში ლარსის  გავლით შემოვიდნენ და  მათთვის პრობლემა არავის შეუქმნია.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება რომ ჩეჩნეთიდან საიდუმლოდ  ჩამოსული დელეგაცია   ნატახტარში ერთ-ერთ რესტორანთან გაჩერდა.  ფაქტს ადასტურებენ ნატახტარში, თუმცა ვერ ამბობენ, კონკრეტულად რომელმა ობიექტმა უმასპინძლა  ჩეჩენ ბიზნესმენსა და მის დაცვას.

43 ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბების, ბასლაინზე შესვლისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დარღვევისთვის.  მოგზაურობა გუდაურში, ანანურში, თბილისში, შეკვეთილსა და ბათუმში - ასეთი კადიროვთან  დაახლოებული  ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმედხანოვისა და მისი ახლობლების ორკვირიანი ვიზიტი საქართველოში. 

25 მაისს, ანანურში გადაღებულ ფოტოზე, ახმედხანოვები, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად  არიან. ფოტოზე სახეები  დაბლარულია. 

კადიროვის მეგობარმა საქართველოში ერთი კვირა გაატარა, შეიარაღებული ჩეჩნები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებოდნენ.  ქვეყანაში რუსულ ნომრიანი ესკორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით  არც შინაგან საქმეთა სამინისტროში და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი