დაიცავით კინოცენტრი არაკომპეტენტური ჩარევისაგან და ნგრევისგან! ეს თქვენი მოვალეობაა! - ჯანელიძე პრემიერს

გამოქვეყნდა:

კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე პრემიერმინისტრს ღია წერილით მიმართავს სადაც ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის  პასუხისმგებლობაა და მოვალეობაა შეინარჩუნოს, ხელი შეუწყოს და განავითაროს დამოუკიდებელი, პროფესიულად გამართული კინოცენტრი და დაიცვას ის არაკომპეტენტური ჩარევისაგან და ნგრევისგან!

წერილში ჯანელიძე ამბობს, რომ ქართული ფილმების წინსვლა და წარმატება სწორედ კინოცენტრის ხელმძღვანელობით ხდებოდა.

"კინოცენტრის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტს ამ წერილში ვერ ჩამოვთვლი. ვფიქრობ ისედაც ჩანს, რა მასშტაბის და ხარისხის საქმიანობას ეწევა კინოცენტრი.

სწორედ კინოცენტრის სისტემური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი უზრუნველყოფდა ამ ინსტიტუციის მუდმოვ პროგრესს და შედეგს. წლობით ჩამოყალიბებული სისტემა მუშაობდა და შიგნითვე ვითარდებოდა, როგორც ყველა დამოუკიდებელი სისტემა.

ამ ინსტიტუციის რეორგანიზება არაპროფესიონალების მიერ ნგრევის ტოლფასია!! ქართული კინო ჩვენი ეროვნული საუნჯე და ქვეყნის დესპანია საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ხელყოფა დაუშვებელია!

ბატონო პრემიერო, კინოცენტრი დღეს ერთერთი ყველაზე წარმატებული და მაღალკვალიფიციური ორგანიზაციაა საქართველოში, სადაც გვერდიგვერდ შრომობენ გამოცდილი პროფესიონალები, ვინც კინოცენტრში მისი შექმნის დღიდან მუშაობენ და ის ახალგაზრდები, ვინც დრო და დრო ემატება ამ ორგანიზაციის რიგებს. ამიტომ, ბუნებრივად ხდება დაგროვილი დიდი ცოდნის, პროფესიული, გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვის, გამოცდილების და მეხსიერების გადატანა ახალგაზრდა თაობაში.

დაუშვებელია წარმატებული სისტემური ინსტიტუციის რეორგანიზაცია! ესმხოლოდმის მის ნგრევას გამოიწვევს!

შედეგზე ორიენტირებულ და პროფესიულად მომუშავე ინსტიტუციას გაფრთხილება და ხელისშეწყობა სჭირდება. ასეთი ინსტიტუციები ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს საყრდენია.

დიდი საშიშროებაა, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ფენომენი - ქართული კინო კინოცენტრის საქმინობაში არაპროფესიონალების უხეში ჩარევის გამო დაზიანდეს და კინოცენტრი, როგორც ერთადერთი(!!!) ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს ქართული კინოს სახელმწიფო პოლიტიკას და ქვეყანაში ერთადერთი კინოფონდია(!!), დაინგრეს.

ისტორია ამას არავის აპატიებს!

ბატონო ირაკლი, თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის პასუხისმგებლობაა შეინარჩუნოთ, ხელი შეუწყოთ და განავითაროთ დამოუკიდებელი, პროფესიულად გამართული და წარმატებული ინსტიტუცია - კინოცენტრი არაკომპეტენტური ჩარევისაგან და ნგრევისგან!

ეს თქვენი მოვალეობაა! - წერს ჯანელიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი