საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში "მთავარ არხზე" გასული სიუჟეტის შემდეგ პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს მხარს უჭერენ. ადგილზე მისულ ჟურნალისტს შენობის შიგნით გადაღებას და გადაადგილებას უშლიდნენ და სპეციალურ ნებართვას სთხოვდნენ.
აკადემიაში ამბობენ, რომ აკადემიკოსის ხარისხს დაუმსახურებლად არავის აძლევენ, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ როინ მეტრეველი ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის ხარისხს ერთი ზარით ანიჭებდა.
"შეიძლება დათანხმდა, მაგრამ აკადემიას რომ გვერდით ყოფნა უნდა ცნობადი პიროვნებების მხრიდან გასაგებია. დაუმსახურებლად არავის არაფერს ანიჭებენ. თუ დაიმსახურა, რა თქმა უნდა, მე ახლა დაცვაზე ვიყავი და თუ არ დაიმსახურებს ვეტყოდი", - თქვა აკადემიის თანამშრომელმა.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიის თანამშრომელი დღეს მედიასთან საუბარს თავს არიდებდნენ და ამბობდნენ, რომ სიუჟეტისთვის არ უყურებიათ. ერთ-ერთი თანამშრომელი კი არ გამორიცხავს, რომ როინ მეტრეველის ხმა დამონტაჟებული იყო.
"მე ეგეთ იდიოტობებს არ ვუყურებ. მომიყვნენ დღეს რაც იყო იქ. ჯერ დასამტკიცებელია [იყო თუ არა როინ მეტრეველის ხმა] ტექნიკა განვითარებულია, შეიძლება "პაძელკაც" იყოს. მე როინ მეტრეველი არ ვარ. მე არც ბატონ როინს დავაბრალებ და არც თქვენ. არ ვიცი და არ მაინტერესებს [როინ მეტრეველის წარსული საქმიანობა] აქ რომელი არაა კორუფციული მანახე, - თქვა აკადემიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველი აღნიშნულზე უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ყორშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვის იყო საჭირო.
ამავე თემაზე: