მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველმა გუშინ გასული სიუჟეტის შემდეგ "მთავარ არხთან" პირისპირ საუბარი არ ისურვა. სატელეფონო კომენტარში მან თქვა, რომ თაღლითები ვართ და გუშინ გასული სიუჟეტი უნამუსოდ გაკეთებული იყო. სიუჟეტში ის პირველივე თხოვნის საფუძველზე თანახმა იყო პრემიერმინისტრისთვის აკადემიკოსის ხარისხი მიენიჭებინა.
"იცით რა გითხრათ?! ისეთი თაღლითური გადაცემა გქონდათ გუშინ, უნამუსოდ გაკეთებული, როგორ მელაპარაკებით მე?! თქვენთან რა ხდება? თაღლითობას დაანებეთ თავი, თაღლითები ხართ სუყველა თქვენ", - თქვა მეტრეველმა.
გუშინ "მთავარი არხის"ეთერში გასული სიუჟეტისთვის ბექა ყორშია მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველი აღნიშნულზე უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ყორშიას მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვის იყო საჭირო.