აბასთუმნის ობსერვატორიასთან პროტესტი გრძელდება - მოქალაქეები დირექტორთან შეხვედრას დღეს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს აინტერესებთ, რატომ არ აძლევენ ობსერვატორიის ყოფილ და მოქმედი თანამშრომლების ოჯახის წევრებს საკუთარ სახლებში შესვლის უფლებას.
ობსერვატორიის ადმინისტრაცია მიზეზად რეაბილიტაციას ასახელებს, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ ადგილზე მათში შესვლით სამუშაოებს ხელი არ შეეშლება.
ობსერვატორიის დირექტორი დღეს აქციის მონაწილეებს არ შეხვდა, მოგვიანებით კი მედიასთან კომენტარი გააკეთა.
რეზო ჭანიშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელი მხოლოდ თანამშრომლებისთვის არის გამოყოფილი.
"ბინები აშენებულია რისთვის, რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ. ეს არ არის არც აგარაკი, არც დასასვენებელი სახლი, სადმე გინახავთ, რომ ინსტიტუტში უცხო ხალხი ცხოვრობდეს. ეს არის განსაკუთრებული რეჟიმის ინსტიტუტი, რადგან ღამე მუშაობენ და დღე სძინავთ ასტრონომებს", -თქვა რეზო ჭანიშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით, ადგილზე შესვლის შეზღუდვა ობსერვატორიასთან სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირდება, რადგან აბასთუმნის უნიკალური ტერიტორია დიდი ხანია ბიძინა ივანიშვილის ინტერესის სფეროა.
საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
"შეგიძლიათ ინფორმაცია მარტივად გადაამოწმოთ. ჩემი თხოვნა იქნება, სისულელეზე და სიცრუეზე არ გააკეთოთ სიუჟეტები და საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივად შეიძლება უაზრო ბრალდებების გადამოწმება. აბასთუმნის სრული განახლება მიმდინარეობს. ეს კურორტი წლების განმავლობაში მიგდებული იყო. რამეს ხომ არ ვაჭარბებ?! - ხომ ასე იყო. არანაირი ყურადღება არ ექცეოდა. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით და უშუალო ჩართულობით დაიწყო ეაბილიტაცია. პირველი იყო, ვინც კონკრეტული ინვესტიცია განახორციელა. იქ მცხოვრებთა საკუთრებაში არსებულ სახლებსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ გააკეთა და თქვენ გვეუბნებით ახლა, რომ ვიღაცას თურმე აბასთუმანში არ უშვებენ. ეს ხომ სასაცილოა და ლოგიკაში საერთოდ არ ჯდება. ამიტომ, გთხოვთ, არ შეიყვანოთ საზოგადოება შეცდომაში, გადაამოწმეთ ინფორმაცია და სიმართლე უთხარით მოსახლეობას“, - თქვა კახა კალაძემ.
ავტორი: საბა ბუაძე.