რუსეთ - საქართველოს ომის დროს გადამწვარი სახლები შიდა ქართლში - მედიის და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის შემდეგ, ხელისუფლებამ სოფელ ზარდიაანთკარში რეაბილიტაცია დაიწყო, თუმცა, ირკვევა, რომ ადგილობრივების ერთ ნაწილს კვლავ გადამწვარ სახლებში მოუწევს ცხოვრება.
სოფელში 32 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა ოთხ ოჯახს სახელმწიფო სახლების რეაბილიტაციაზე უარს ეუბნება. მიზეზად კი ომის დასრულების შემდეგ გაცემულ კომპენსაციას ასახელებს, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ თანხა რეალურად რუსული აგრესიის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას არ ეყო.
"ეს არის ომის დროს დამწვარი, გუბერნატორის მოადგილეს ვუთხარი რომ შემოსულიყო და დაეთვალიერებინა ჩემი სახლი. უარი განაცხადა, შეფასება გამიკეთეთ-მეთქი, არც იმაზე, ვინც დაგიწვა, იმათმა გაგიკეთონო, აბა რა სიტყვა-პასუხი იყო, დავანებე თავი", - თქვა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.
ამ დროისთვის მთავრობის დაფინანსებით სოფელში 28 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ სახლების მფლობელების ნაწილი ამბობს, რომ მთავრობა მათ სახლების სრულად რეაბილიტაციას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.
საოკუპაციო ხაზთან დღეს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი იმყოფებოდა. ის სოფელ ზარდიაანთკარის მოსახლეობას შეხვდა და მისი მანდატის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდა.
"ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, ეს ხალხი უნდა იყოს პირველ რიგში ჩასმული პრიორიტეტულ სიაში, მათი სახლები სრულად უნდა რეაბილიტირდეს. თანხები თუ არაა საკმარისი, ვთვლი, რომ უნდა გამოინახოს, არ უნდა იყოს სალაპარაკო, რომ ზედა სართული არ გამიკეთეს ქვედა გამიკეთეს და პირიქით, ამ ადამიანებს ასეთი პრობლემები არ უნდა აწუხებდეთ", - თქვა ლევან იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან რჩება. მოგვიანებით ის სოფელ ჩორჩანაში ჩასვლას გეგმავს. 3 წლის განმავლობაში სოფელ ჩორჩანაში მედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვები მოქმედებდა, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღე პირობა დადო, რომ იქ ჟურნალისტებსაც შეუშვებს.