სტიქია ტანას ხეობაში - უხვი ნალექის გამო მდინარე საცხენეთი ადიდდა და წყალი სოფელში შევარდა.
სოფელ ბოშურის ერთ-ერთ უბანში 8 ოჯახი სახლებში დაბრუნებას წყლის ნაკადის გამო ვერ ახერხებს.
დაზიანდა ბოგირები, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები, რამდენიმე ადგილას დაზიანებულია გზაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ წვიმას თან ახლდა სეტყვა, ნალექის გამო ადიდდა ხევები. ადგილზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკით შესაბამისი სამსახურები ცდილობენ წყლის ნაკადს მიართულება მისცენ.
"67 წლის ვარ და ასეთი წყალდიდობა არ მინახავს. [...] სეტყვაც იყო, პირველად სეტყვა მოვიდა, მერე მოჰყვა ასეთი წვიმა, ყოველ დღე წვიმს მაგრამ ასეთი გადაუღებელი წვიმა არ ყოფილა, გამოიწვია წყალდიდობა", - ყვება ადგილობრივი.
ადგილზე დამატებით ტექნიკასაც ელოდებიან. ბოშურის გარდა სტიქიამ მიმდებარე სოფლებიც დააზარალა.