"ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ მაშინ, როცა მათი ლიდერები პუტინს უახლოვდებიან", - ამ სათაურით სტატიას ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს. სტატიის ავტორი მიმოიხილავს რამდენიმე ფაქტს, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.
მათ შორის, სტატიაში საუბარი შეეხო ცივილური სამყაროს მხრიდან რუსეთის იზოლირების ფონზე, მოსკოვთან პირდაპირი ფრენების აღდგენას. ავტორი იხსენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ვიზიტს და წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მას ტერიტორიაზე შესვლის ნება დართო მაშინ, როცა რუს ოპოზიციონერებსა და აქტივისტებს საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებიან.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ აქციამ, რომელიც საქართველოში სერგეი ლავროვის შვილის შემოსვლას მოჰყვა, ნათლად აჩვენა განხეთქილება, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით მთავრობასა და ხალხს შორის არსებობს.
სტატიაში საუბარია საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ რიტორიკაზეც.
"ოფიციალურად, მმართველი პარტია ისწრაფვის ევროატლანტიკური მომავლისკენ, საქართველო არის NATO-ს ასპირანტი წევრი, რომელიც ასევე მუშაობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე. ამავდროულად პარტიის ლიდერებს აქვთ რიტორიკა, რომელიც ალიანსისა და ბრიუსელისგან იზოლირებას იწვევს", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და მისი პატიმრობა "პირად ვენდეტად მიიჩნია", თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, მთავრობამ ეს მიმართვები უგულებელყო.
სტატიაში საუბარი შეეხო რუსულ კანონსაც - ავტორი წერს კანონის შინაარსზე და იმ პროტესტზე, რომელიც მარტში მის ირგვლივ არსებობდა. ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ოპოზიციის დროებითი გამარჯვებისა, საქართველოში პრესის თავისუფლება კვლავ პრობლემაა. ამ კონტექსტში ავტორი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზეც წერს:
"მმართველი პარტია უარს ამბობს კრიტიკულად მიჩნეულ ნებისმიერ მედიასთან საუბარზე. ახლა ამოქმედდება საპარლამენტო წესები, რომელიც აკრედიტაციას ართმევს ნებისმიერ ჟურნალისტს იმ კითხვის გამეორებისთვის, რომელზეც მანამდე პასუხის გაცემაზე უარი თქვეს. ოპოზიციასთან დაკავშირებული სატელევიზიო არხების მფლობელები და ჟურნალისტები სამართლებრივი დევნის სამიზნე გახდნენ.
ნიკა გვარამიას, კრიტიკული ტელეარხის დირექტორსა და თოქშოუს წამყვანს 2022 წელს სამ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
..ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გამოაცხადა პოლიტიკურად მოტივირებულად, რომლის მიზანი იყო "ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული მედიასაშუალების საქმიანობის ჩაშლა", - წერია სტატიაში.
დეკემბერში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინჭებაზე ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. სტატიი ავტორის თქმით, დასავლეთი ამ კუთხით დილემის წინაშე დგას, რადგან, სტატუსის მინიჭებამ ერთის მხრივ შეიძლება გააძლიეროს ხელისუფლების ძალაუფლება, მეორეს მხრივ კი ამან შესაძლოა ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს:
"ევროპელი დიპლომატები თბილისში აცნობიერებენ, რომ დილემის წინაშე დგანან. დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭება მმართველ პარტიას დააჯილდოებს დემოკრატიის უკანდახევისთვის და გააძლიერებს მის ძალაუფლებას. თუ საქართველო ამ პერსპექტივას ვერ მიღებს, შეიძლება რიგითმა ქართველებმა იმედი დაკარგონ და "ქართული ოცნების" მოსკოვთან ჩახუტება სავარაუდოდან უფრო რეალურად იქცეს, რაც უფრო მეტ ქუჩის პროტესტს გამოიწვევს. როგორც ერთმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა: უარმა შეიძლება გამოიწვიოს მოვლენების სპირალი, რომელიც შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს", - ნათქვამია სტატიაში.