სამოქალაქო აქტივისეტბი, რომლებიც სოფელ ხურვალეთთან აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე მშვიდობიან აქციას მართავდნენ სოფელში შესვლა და მსვლელობის გამართვა ვერ მოახერხეს. მათ გზა საგუშაგოსთან სამართალდამცავებმა გადაუკეტეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხურვალეთში შესასვლელად აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.
ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და 14 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სიმბოლური დღეა ბუნებრივია, ამიტომ ვართ დღეს შეკრებიმები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის წელიწადში 365 დღე არის 7 აგვისტო, ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით ოკუპაციის წინააღმდეგ. ოკუპაცია არ ჩერდება ზუსტად იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად რუსი ოკუპანტები ჩვენ გვართმევენ დამატებით ტერიტორიებს, - თქვა სამოქალაქო აქტივისტმა დავით ქაცარავამ.
აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ოკუპაციასთან ერთად ხელისუფლების უმოქმედობასაც აპროტესტებენ. მათი თქმით, ყოველ წელს ყველას უნდა შეახსენონ, რომ რუსეთი ოკუპანტია.
2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა.
12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო. ხუთდღიანმა ომმა 408 ადამიანი იმსხვერპლა: 170 სამხედრო მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოქალაქე. საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა კიდევ 26 000-მდე ადამიანი. 2008 წლის აგვისტოს ომში დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა კი ჯამში 2 232-ია ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 12 წლის მანძილზე საოკუპაციო რეჟიმებმა საერთაშორისო აღიარებას ვერ მიაღწიეს, თუმცა საქართველოს ტერიტორიების ანექსია და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება - ბორდერიზაცია, ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გატაცებული ადამიანები. ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში ამ დროისთვისაც 3 ადამიანია, რომელთა შესახებაც ოჯახებს ინფორმაცია არ აქვთ. ისინი არარსებული საზღვრის დარღვევისთვის 3 ივლისს დააკავეს - ხვიჩა მღებრიშვილს 4 წლამდე, დაჭრილ ზაზა გახელაძეს კი 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გასული წლის ბოლოს საკუთარი სახლიდან გაიტაცეს გენადი ბესტაევი, რომელიც უკვე "მსჯავრდებულია" და 2019 წლის ნოემბრიდან ორწლიან "სასჯელს" იხდის.