ჭიათურელი მაღაროელები დღეს, 4 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავენ

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - გაფიცულების ნაწილი დღეს თბილისში ჩამოვა და 4 საათზე პარლამენტთან გამართავს საპროტესტო აქციას.

10 მაღაროელი მერვე დღეა შიმშილობს, გუშინ ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები ამოიკერა, კიდევ ერთმა მოქალაქემ კი თვითდაზიანება მიიყენა და ვენები გადაიჭრა. მანამდე პროტესტის კიდევ ერთმა მონაწილემ პირი ამოიკერა.

ამის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზმა" განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ კომპანია მზადაა დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და ხელფასები 5%-ით გაზარდოს. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია მათი დაცინვაა.

"გველაპარაკებიან, გვევაჭრებიან, ვითომ ბაზრობაზე ვიყავი. ამის გამო მე უარს ვაცხადებ, საერთოდ დანახვა არ მინდა, ამის გამო ამოვიკერე თვალები. გადავიღალეთ, თითოეული ჩვენგანი, სანამ ნახევარ ჭიათურას არ ნახავენ თვალებამოკერილს, დაბრმავებულს და დაინვალიდებულს, ამას ელოდებიან?! მიგვიყვანეს ამ ზომამდე, არაფერზე არ მოდიან, ყველაფერზე წუწუნებენ, ერთხელაც არ ყოფილა კომპანიიდან ნება, რომ პირადად თითოეული ჩვენგანისთვის ერთხელ მაინც მოემატებინა თავისით ხელფასი, სულ ომით, სულ გაფიცვით, სულ უბედურებით", - ამბობს მაღაროელი.

მაღაროელების მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდაა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი