კინემატოგრაფისტები პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების მხარდამჭერ აქციას უერთდებიან. დარგის წარმომადგენლები კინოცენტრიდან საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ. მათ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, არც დღეს შეხვდა.
კინემატოგრაფისტები ამბობენ, რომ საზოგადოების ვალია უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში მაღაროელები მარტოები არ დარჩნენ. ისინი აუქმებენ დღეს, კინოცენტრის შესასვლელში პროტესტის ნიშნად დაგეგმილ კინოჩვენებას (რომელიც 20:00 საათზე უნდა გამართულიყო) და 16:00 საათზე, პარლამენტის წინ მაღაროელების მიერ დაანონსებულ აქციას უერთდებიან.
კინოს წარმომადგენლები "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურებიან.
"მართლა რაღაცა ჭორაობას მიმსგავსებული ბრალდებებით, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ მოჰყვება, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური გავლენის მქონე პერსონა უბრალოდ ბრალს გვდებდეს დაუსაბუთებელ მიკერძოებაში. აქ ვდგავართ იმიტომ, არა იმის გამო, რომ დიალოგი არ გვინდა, როგორც კობახიძე ამბობს, არამედ იმიტომ, რომ იძულებულნი ვართ დიალოგი მოვითხოვოთ აქ და ახლა, ამ ფორმით და ამისთვის მათ აქვთ დრო სამშაბათს საღამომდე... 4 საათზე ყველანი აქედან მივდივართ პარლამენტთან, სადაც ჩამოდიან ჭიათურელები, რომლებიც რამდენიმე დღეა შიმშილობენ, იკერავენ პირს, იკერავენ თვალებს და მათი ხმა არ ესმის არავის. ყველანი ერთად მივდივართ", - აცხადებს დოკუმენტალისტი ნინო გოგუა.
შეგახსენებთ, კინოცენტრის თანამშრომლები ხუბუნაიასთან შეხვედრასა და მის პირდაპირი ეთერით გადაცემას მოითხოვდნენ. ამას გარდა, მათ სურთ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის კონკურსის საფუძველზე დანიშვნა და კინოცენტრის მართვის ისეთი ფორმის შემუშავება, რომელიც კინოცენტრის დემოკრატიული ფუნქციონირების გარანტი იქნება. კინემატოგრაფისტებმა კინოცენტრს შესაბამისი წერილითაც მიმართეს.