საქართველოს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონს. ცვლილებები მინისტრს უფლებას აძლევს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, კლინიკა დახუროს. ახალი კანონპროექტი საავადმყოფოების გარდა ფარმაცევტულ ქარხნებსაც შეეხება.
მედიკოსები ეჭვობენ, რომ ახალი რეგულაციების შემოღებით სამინისტრო სამედიცინო ბიზნესის მარწუხებში მოქცევას ცდილობს.
"არსებული რედაქციით წარმოდგენილი კანონპროექტი რაც არის, მიუღებელია. ჩვენ, ამ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანია წარმოადგენს დაახლოებით 80%-მდე დარგს და მასში გაწევრიანებული ყველა წევრი აცხადებს, რომ მიუღებელია. სამართლებრივადაც, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და მიუღებელია ის გარემოება, რომ, ფაქტობრივად, სასამართლოს ფილტრი, უხეშად რომ ვთქვათ, ამოღებული ხდება, სასამართლოს საერთოდ უგულებელყოფა ხდება," - აცხადებს ჯანდაცვის ასოციაციის იურისტი, გიორგი აბაშიძე.
ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი ნინო კიკნაძე კი ამბობს, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე მათთან კონსულტაციების გარეშე გადის.
"მეორე მოსმენაზე ისე გამოდის კანონპროექტი, რომ ჩვენთან გავლილი არ ყოფილა, რაც ერთ-ერთი დათქმა იყო კომიტეტების მოსმენის დროს. ასევე, ვფიქრობთ, რომ, რასაკვირველია, არ არის მართებული ის, რომ ნებისმიერ დროს მარეგულირებელს შეეძლოს სამედიცინო დაწესებულებაში შემოსვლა," - ამბობს კიკნაძე.