
თბილისის მერიის განცხადებით, მშვიდობის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ თემაზე მერმა, კახი კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, რეაბილიტაციის საჭიროება ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ განაპირობა.
მერიის ცნობით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხიდი ჩაიკეტება. გადაადგილების შეზღუდვის ვადის შესახებ მოსახლეობას დამატებით ეცნობება.
"დავიწყეთ მშვიდობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონის დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები. დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია", - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 1 400 000 ლარს შეადგენს, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების ფარგლებში განათებები მთლიანად შეიცვლება.
ფოტო: "მე მოგზაური".