საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები, ცოცხების აქციის მონაწილეები და პოლიცია - "მთავარმა არხმა" იმ მოძალადეების უმრავლესობა გაშიფრა, რომლებიც გუშინ, 30 ივნისს ოპოზიციასა და მედიას თავს ესხმოდნენ. დგინდება, რომ მათი დიდი ნაწილი ხელფასს ბიუჯეტიდან იღებს.
თავდასხმა პირდაპირ ეთერში, არაერთი სამართალდამცველის თვალწინ ხდებოდა. მედიის წარმომადგენლებს თავს ესხმოდნენ, სიპები, აიპები, საკრებულოსა და მერიის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპოზიციის არაერთ კონტრაქციაში მონაწილეობდნენ, მათ შორის ცოცხების აქციაზე, ასევე გასულ წელს საკრებულოში მომხდარ თავდასხმაში, რა დროსაც, საკრებულოს სხდომის გაშუქების დროს "მთავარი არხისა" და სხვა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს საკრებულოს წევრები და მათ შორის, საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი თავს დაესხნენ.
მომხდარს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრში" გამოეხმაურნენ. იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სახეზეა არა მხოლოდ ძალადობის წახალისება, არამედ ორგანიზება.
"სახეზე გვაქვს არა წახალისება, არამედ პირიქით, ორგანიზება სახელმწიფოსთან დაკავშირებული ადამიანებისა და პიროვნებების მიერ. განსაკუთრებით ეს იკვეთება მაშინ, როცა ადგილზე მყოფი პოლიციელები უყურებდნენ, თუ როგორ ძალადობდნენ არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, არამედ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე და ისინი არაფერს აკეთებდნენ ამის აღსაკვეთად. სამართლებრივ სახელმწიფოში, აუცილებელია გამოძიება დაიწყოს პროკურატურამ და შემდეგ უკვე თუ გამოიკვეთება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე საქმეები და ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასთან დაკავშირებით, უკვე ის უნდა გადაეცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს", - თქვა ლექსო მერებაშვილმა.
შეგახსენებთ, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ოცნების" ორკები მივარდნენ. მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ამის შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და დააზიანეს აპარატურა.
მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. "მთავარ არხს" დღეს კითხვები ჰქონდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსთან, თუმცა ის სამსახურში არ გამოჩენილა.