
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯონი ოდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა, უკვე დასრულდა. ოდიშვილი უკვე გადაასვენეს მშობლიურ სოფელ ტყვიავში, სადაც მას 11 ივლისს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
"ჯონი იყო ძალიან პატრიოტი ადამიანი. თავის ქვეყანა ისე უყვარდა და ისე უნდოდა, რომ ჯარში და ქვეყნის დაცვაში მიეღო მონაწილეობა, რომ აქ უკვე წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის დაცვაში. შემდეგ, როცა უკრაინაში დაიწყო ომი, მისი მეგობრები და თანასოფლელები წავიდნენ და თვითონაც გადაწყვიტა, რომ წასულიყო და დაეცვა ამ ვერაგი მტრისგან თავი", - თქვა ოჯახის ახლობელმა.
ოდიშვილი სამშობლოში დღეს, 1 ივლისს გამთენიისას ჩამოასვენეს. მასთან ერთად ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი სამხედრო, მალხაზ კვიჟინაძე. მალხაზ კვიჟინაძეს ქუთაისში დღეს 14:00 საათზე გადაასვენებენ, მას ხვალ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
როგორც კვიჟინაძის ოჯახის წევრები ამბობენ, ის უკრაინაში 2016 წლიდან იბრძოდა.
"იბრძოდა ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ უკრაინისთვის. მისი თანამებრძოლები, მეგობრები ყველა იქ არიან დღესაც იბრძვიან, ებრძოდნენ ჩვენს საერთო მტერს. დაეცა, როგორც გმირი ისე", - თქვა მალხაზ კვიჟინაძის ოჯახის წევრმა.
უკრაინაში რუსეთის აგრესიას ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი