არ ვაპირებ ჩვენების მიცემას, საგამოძიებო თავდასხმაზე რეაგირებას ფასადურად ცდილობს - "მთავარის" ჟურნალისტი 

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმიდან 24 საათის შემდეგ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გიორგი ახალკაცს დაუკავშირდა. ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს, რადგან ერთი წლის წინ, მსგავსი ინციდენტისთვის არავინ დასჯილა. 

"ცოტა ხნის წინ დამიკავშირდნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და მკითხეს, ხომ არ მაქვს სურვილი მივიდე მათთან და მივცე ჩვენება გუშინ კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ არა. ვინაიდან, იგივე სამსახურს ერთ წელზე მეტია გამოძიება აქვს დაწყებული კასპში ანალოგიური მეთოდებით განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ჩვენს გადამღებ ჯგუფს კასპის საკრებულოში ერთი წლის წინაც დაესხნენ თავს, "ქართული ოცების" ის წევრები, რომებიც გუშინ იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე. ასევე, პოლიციის თანამშრომლები. ახლაც ცდილობს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომ ფასადურად მოახდინოს იმ აგრესიულ თავდასხმაზე რეაგირება, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი. ასევე, აღსანიშნავია ის, რომ სახალხო დამცველის აპარატიდანაც მივიღეთ ჩვენ შეთავაზება, რომ მივიდეთ მათთან, განცხადებით მივმართოთ სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა, არ ვაპირებ არც მათთან თანამშრომლობას," - ამბობს ახალკაცი.

შეგახსენებთ, 30 ივნისს, მაშინ როცა ენმ-ს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კასპში პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, "ოცნების" ორკები მივარდნენ. მათ ჯერ ლევან ხაბეიშვილის მანქანა დააზიანეს და შეხვედრის ჩაშლა სცადეს, ამის შემდეგ კი თავს დაესხნენ "მთავარი არხის" გადამღებ  ჯგუფს და დააზიანეს აპარატურა. 

მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია, უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება. "მთავარ არხს" დღეს კითხვები ჰქონდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსთან, თუმცა ის სამსახურში არ გამოჩენილა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი