ერგნეთში მოლაპარაკებები იწყება - ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში, მხარეები ამ წუთებში იკრიბებიან.
როგორც სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, უკანონოდ დაპატიმრებულები და ბორდერიზაცია იქნება შეხვედრის მთავარი თემა. მოლაპარაკების დასრულებას ერგნეთში ელოდებიან ოკუპანტების მიერ გატაცებულების ნათესავები, ისინი ირაკლი ანთაძესაც შეხვდნენ.
"მთავარი აქცენტი გაკეთდება ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხზე. ასევე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, უკანონ ბორდერიზაციის შემთხვევების ჩათვლით. ასევე საუბარი გვექნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული პირობების გაუმჯობესების თაობაზე", - თქვა ირაკლი ანთაძემ.
წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო ბორდერიზაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან გაიტაცეს საქართველოს 2 მოქალაქე. როგორც სუს-ში ამბობენ, მათი დროული გათავისუფლება მოხერხდა, თუმცა ცხინვალის ე.წ. ციხეში საქართველოს 7 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება.