თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს დაიწყება

გამოქვეყნდა:

თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის პირველი ეტაპი 10 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება და 16 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება ელექტრონულად, სამ ეტაპად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge.

პირველ ეტაპზე, დარეგისტრირდებიან მიზნობრივი სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები:

  • ა) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას;
  •  ბ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
  •  გ) ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 
  • დ) მარტოხელა მშობლის შვილი;
  • ე) მრავალშვილიანი ოჯახის შვილები ან/და ნაშვილები;
  •  ვ) სამხედრო მოსამსახურეების შვილები;
  • ზ) საჯარო ბაღის აღსაზრდელთა დედმამიშვილები;
  • თ) საჯარო ბაღებში დასაქმებულ თანამშრომელთა შვილები;

მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები. 

კალაძის თქმით, მეორე ეტაპი დაიწყება 17 ივლისს, 10:00 საათზე და 24 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება მესამე ეტაპს, თბილისის მერის განმარტებით, ის გულისხმობს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 25 ივლისს, 10:00 საათზე დაიწყება.

"რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო- სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება ორი წელი. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი რაიმე მიზეზით ვერ ახერხებს ბავშვის ელექტრონულ რეგისტრაციას, შეუძლია განცხადებით მიმართოს სასურველ საბავშვო ბაგა-ბაღს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი