
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლონდონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტის აიდა ბალაფკანის საქართველოში არ შემოშვების გადაწყვეტილება.
2022 წლის 26 აპრილს აიდა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით გეგმავდა კვლევით საქმიანობის დაწყებას ქართული ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების თაობაზე. SJC წერს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მას საათების განმავლობაში ამოწმებდნენ, უსვამდნენ კითხვებს, არ მისცეს მეუღლესთან ერთად ყოფნის, საელჩოსთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და კონკრეტული განმარტებების გარეშე უარი უთხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. ორგანიზაციის ცნობით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აიდა ბალაფკანი ქვეყანაში არ შემოუშვეს მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაიბადა ირანში.
"ნიშანდობლივია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც უცხოელს შემოსვლაზე უარი შეიძლება ითქვას კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, ამასთან სასამართლოში საქმის განხილვისას დეპარტამენტი მიუთითებდა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, რომლის გამოც თითქოს აიდას შემოშვება სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ქვეპუნქტი დეპარტამენტის მიერ სისტემატურად გამოიყენება, როგორც დამოუკიდებელი საფუძველი, რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მიუთითებლად, ასევე სისტემატურია დეპარტამენტის მსგავსი პოზიციონირება სასამართლოში, რაც სახელმწიფო საიდუმლოებაზე მითითებით ყოველგვარ რეალურ არგუმენტაციაზე და დასაბუთებაზე უარის თქმას გულისხმობს", - წერს ორგანიზაცია.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებით, აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზღვრის კვეთის გადაწყვეტილებების მიმღები უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებები კანონმდებლობის ვიწრო და ადამიანის ძირითადი უფლებებისგან იზოლირებულად განმარტების, დისკრეციული უფლებამოსილების თვითნებობად გადაქცევის და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების გზით, ამკვიდრებენ უცხოელთა უფლებების შემლახველ პრაქტიკას.