სიღარიბის გამო დედა-შვილი დააშორეს - ბავშვს 25 აგვისტოს გააშვილებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში საკმაოდ ბევრი უშვილო წყვილია და მათ წლობით უწევთ ლოდინი, რათა მათი რიგი დადგეს და გამოჩნდეს ბავშვი, რომელსაც იშვილებენ.

არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი სოციალური მუშაკი ასეთ უშვილო წყვილებს დიდი ფულის სანაცვლოდ ეხმარება. როგორ? იპოვიან რომელიმე ღარიბ, სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. შემდეგ კი ისე აღწერენ ოჯახურ მდგომარეობას, რომ დაიდოს დასკვნა, თითქოს იქ ბავშვის დატოვება დაუშვებელია.

დასკვნის საფუძველზე მშობლებს ბავშვს ართმევენ, დროებით გადაჰყავთ სხვა ოჯახში და გარკვეული ხნის შემდეგ, სამუდამოდ გააშვილებენ, ახალ მშობლებს უპოვიან. ახალი მშობლები - ის უშვილო წყვილი აღმოჩნდება, ვინც ამ ბავშვში ფული გადაიხადა.

თუ ეს ვარაუდი სიმართლეა, გამოდის, რომ სოციალური მუშაკები საქართველოში სხვის შვილებს, ფაქტობრივად, ყიდიან. მაშინ, დიდი ალბათობით, ამაში სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობაც იქნება ჩარეული.

დედის თქმით, თავდაპირველად მასთან მივიდა სოციალური მუშაკი, რომელმაც დადებითად აღწერა მისი საცხოვრებელი პირობები და გარემოც ბავშვის აღსაზრდელად შესაბამისად ჩათვალა.

თუმცა, ცოტა ხანში, მოულოდნელად, ის სამსახურიდან გაუშვეს და მის ნაცვლად, ოჯახში უკვე სხვა სოციალური მუშაკი მივიდა, რომელმაც ისეთი უარყოფითი დასკვნა დადო, რომ დედას ბავშვი წაართვეს. პირდაპირი მნიშვნელობით, წაართვეს - სახლში თავზე დაადგნენ და ხელიდან გამოგლიჯეს ბავშვი.

მანამდე დედას მოუხსნეს სოციალური დახმარებაც, რითაც, მისი აზრით, ხელოვნურად დაუმძიმეს ეკონომიკური სიტუაცია, რათა უარყოფითი დასკვნის დაწერა და ბავშვის ჩამორთმევა გაადვილებულიყო.

დრო ძალიან ცოტა რჩება - 25 აგვისტოს ბავშვს უკვე სხვა მშობლებს გადასცემენ. 

სიღარიბის გამო 3 წლის ნიკოლოზი ბიოლოგიურ დედას დააშორეს. როგორც ბავშვის დედა გვიყვება, არასრულწლოვანი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს. 29 აპრილს ნანა შარაშენიძესთან პატრულის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებმაც მას უთხრეს, რომ პანდემიის გამო, ნიკოლოზი  კორონავირუსზე უნდა შეემოწმებინათ. დედა დათანხმდა და არასრულწლოვანთან ერთად სამართალდამცავებს გარეთ გაყვა. სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ სოციალური სამსახურის თანამშრომლები. 

დედა ცდილობდა გაერკვია, სად და რატომ წაიყვანეს ნიკოლოზი, თუმცა უშედეგოდ. ნერვიულობის ნიადაგზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ორი კვირის შემდეგ ბავშვს კახეთში, კერძოდ, სიღნაღში ერთ-ერთ ოჯახში მიაგნო, სადაც  ნიკოლოზი სოციალურმა მუშაკებმა დროებით მინდობით აღმზრდელთან  გადაიყვანეს. 

ნანა შარაშენიძე მცირეწლოვან ბავშვთან და საკუთარ დედასთან ერთად ქუთაისში ცხოვრობდა. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა. დაახლოებით 2 წლის წინ მარტოხელა დედა ნიკოლოზთან ერთად  თბილისში ჩამოვიდა. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა და რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, აღდგენაზე უარი უთხრეს. შემოსავლის გარეშე დარჩენილმა დედამ გადაწყვიტა საკუთარი შრომით ერჩინა შვილი. ალაგებდა ეზოებს, სადარბაზოებსა და ოფისებს. პანდემიის გამო უმუშევარი რომ არ დარჩენილიყო, ჯართის შეგროვებაც დაიწყო. საკუთარ დასთან ერთად სახლთან ახლოს სარდაფი იქირავა, სადაც შეგროვებულ ჯართს სარეალიზაციოდ ათავსებდა. 

საცხოვრებელი გარემოს შეფასების მიზნით, სოციალური სააგენტოს თანამშრომლები ნანა შარაშენიძის ოჯახში  პირველად 12 მარტს მივიდნენ. დასკვნაში ვკითხულობთ:

საცხოვრებელი გარემოს შეფასების დროს როგორც გაირკვა, ბინაში არ არის მცირეწლოვნის უსაფრთხო განვითარებისთვის საჭირო პირობები. კერძოდ, არ არის ცხელი წყალი, დაუცველია ჰიგიენური და სანიტარული ნორმები, ასევე არ იკეტება აივნის კარი. 

ნანა შარაშენიძეს მიეცა გაფრთხილება, რომ განმეორებითი ვიზიტის დროს აღმოფხვრილი უნდა იყოს ზემოთ ჩამოთვლილი ძირეული პრობლემები, რათა სოციალური სამსახური არ გახდეს იძულებული, მიმართოს უფრო მკაცრ ზომებს. 

პირველ დასკვნას ხელს ორი სოციალური მუშაკი აწერს, საიდანაც ერთ-ერთი სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ნათელა გვენეტაძის დათხოვნის მიზეზი სწორედ მისი პოზიცია გახდა, ის დედა-შვილის დაშორების წინააღმდეგი იყო. ორ თვეში მარიამ ცხვედიანი ოჯახს სხვა სოციალურ მუშაკთან ერთად ესტუმრა და ბავშვის დროებით აღზრდაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

სოციალური სამსახურის მეორე დასკვნა არასრულწლოვანის სახლიდან გაყვანის შემდეგ შედგა, სადაც ვკითხულობთ, რომ საცხოვრებელი სახლი ისევ არ შეესაბამება არასრულწლოვანისათვის აუცილებელ პირობებს და დედის ფსიქიკური მდგომარეობა ლაბილურია

სახლის ნახვისას, პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, სისუფთავე და წესრიგია. დედა-შვილის მოკრძალებული ყოფის ფონზე, ზედმეტად მოწესრიგებულია ბავშვის პირადი ნივთები, სათამაშო კუთხე და წიგნები.

ოჯახმა დასახმარებლად  არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. საქმეში ჩაერთნენ იურისტებიც. ანა არგანაშვილი უკანონო ქმედებებსა და ბავშვის ძალადობრივად გაყვანაზე საუბრობს. 

ოჯახს აქვს ეჭვი, რომ საქმე აქვთ დანაშაულთან და სოციალური სამსახური ბავშვის გასხვისებას გეგმავს. ჩვენ ვცადეთ იმ სოციალურ მუშაკთან დაკავშირება, ვინც ნიკოლოზის საქმეზე მუშაობდა , თუმცა უშედეგოდ. 

ეს არ არის პირველი  შემთხვევა, როდესაც ბავშვი დედას სიღარიბის მოტივით დააშორეს. სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშშიც წერია, რომ სიღარიბის გამო ისჯებიან ბავშვები და მათი მშობლები.  

ავტორები: ლაშა ნაკაიძე, გურანდა ავალიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი