
საქართველოს სახალხო დამცველმა „ვოლტის“ მხრიდან კურიერების მიმართ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო დისკრიმინაცია დაადგინა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.
"კომპანიამ ორ კურიერს პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა. ამასთან, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციულად შეაფასა "ვოლტ ჯორჯიას" მიერ სხვა 142 კურიერისთვის გაგზავნილი SMS შეტყობინება, რომლითაც კომპანია მათ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა", - ნათქვამია ომბუდსმენის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სახალხო დამცველმა "ვოლტ ჯორჯიას" მიმართა, რომ "დაუყოვნებლივ აღუდგეთ კურიერებს აპლიკაციაზე წვდომა და მომავალში არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში".