გვალვა ონკანებში - კახეთის სოფლების მოუგვარებელი პრობლემა

გამოქვეყნდა:

საქართველოში დღემდე უამრავი სოფელია, რომელსაც წყალი არ აქვს. მთელი უბედურებაც ეს არის, რომ 21-ე საუკუნეში ჩვეულებრივი ამბავია, რომ ადამიანები სხვა სოფლებში ან ქალაქებში მიდიან, რათა სახლში წყალი მოიტანონ.

წყალგაყვანილობა არსებობს, მაგრამ ონკანები, მილები და ავზები წლების განმავლობაში მშრალად დგას. სისტემის გაყვანაში გადახდილი ფულიც წყალში გადაყრილი აღმოჩნდა - წყალში, რომელიც არ არსებობს.

დალი ხარატიშვილი ერთადერთი ადამიანი არ არის, ვისაც აწყურში უწყლობამ ადამიანობის განცდა დააკარგვინა. მის მსგავსად, ონკანებში გაჩენილმა გვალვამ დანარჩენი თანასოფლელებიც აახმაურა. ყველას ერთი გასაჭირი აერთიანებს - აქ სასმელი წყალი სანთლით საძებარია. 

აწყურელებს ეშინიათ, მაგრამ გაჭირვებამ შიში დააძლევინათ და პრობლემებზე სალაპარაკოდ ქუჩაში გამოვიდნენ. იციან, რომ წინასაარჩვნოდ შესაძლოა ეს პროტესტი ცუდად შემოუბრუნდეთ, მაგრამ ის უფრო კარგად იციან, რომ ყველაფერი დიდი ხანია ისედაც ცუდადაა. სახლებში გვეპატიჟებიან, ყველას სურს, დაგვარწმუნოს, რომ ნამდვილად უჭირთ და მათი მშველელი არავინაა.

ასმათ ხარატიშვილს არ ახსოვს მათ ონკანებში წყალი ბოლოს როდის მოვიდა, არც ის ახსოვს, ჭურჭელი ონკანის წყლით როდის გარეცხა. გვიყვება, რომ თბილისში მცხოვრები შვილი ყოველთვე სასმელი წყლით ამარაგებს. თვითონ მოხუცია და შორ გზაზე წყურვილის მოსაკლავად ვერ წავა.

ქეთო ბებო ურიკით წყალს შორი გზიდან ეზიდება. მთელი ჯან-ღონე იმას შეალია, რომ შვილი გაეზარდა, მაგრამ მოულოდნელად გარდაეცვალა და ახლა სულ მარტო დარჩა, სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც არ მოუწიოს შორი გზიდან სასმელი წყლის ზიდვა.

ქეთო ბებომ არ იცის ვის მიაკითხოს, მაგრამ ის კარგად იცის, რომ აწყურში ჭაბურღილი გაკეთდა და წესით, მთელ სოფელს წყლის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, ნახევარ სოფელში წყალი საერთოდ არ არის, სადაც მოდის, იქაც დაბინძურებულია. ჭაბურღილი კი ხშირად არ მუშაობს, მასში 125 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, მაგრამ ხშირად იწვება.

აწყურში სოფლის გამგებელიც დაგვხვდა თავის მომხრეებთან ერთად, რომლებიც გვიმტკიცებდნენ, რომ სოფელში წყალი არის.

სოფელ ანაგაში "ქართულ ოცნებას" მხარს არ უჭერენ და მიიჩნევენ, რომ ამის გამო ისჯებიან.

ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, მაგრამ პატრულმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა. ამბობენ, რომ თუკი რამდენიმე დღეში წყლის პრობლემა არ მოგვარდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

ანაგელები იმან უფრო გააბრაზა, რომ ერთი წელია, მათ სოფელში წყლის სამი რეზერვუარი დაიდგა, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩა, ადგილობრივები ისევ სოფლის წყაროზე რამდენიმე საათით მოსულ წყალზე რეცხავენ სარეცხს და ამავე წყალს, როგორც ამბობენ, დაბინძურებულს, სახლში ეზიდებიან. 

ავზები ცარიელია, არადა პროექტი 2019 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო. რატომ მოხდა ისე, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის დასასრულებელი პროექტი კიდევ ერთი წლით გაიწელა და შესაბამისად, ანაგელები უწყლოდ დარჩნენ - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად სიღნაღის მერიაში მივედით, მაგრამ ტრადიციულად, პრესსამსახურმა გვითხრა, რომ "მთავარ არხთან" კომენტარს ამ საკითხზე არავინ გააკეთებდა. პასუხები არც ინფრასტრუქტურის სამსახური უფროსმა გაგვცა.

მიზეზების პოვნას ოფიციალური დოკუმენტების საშუალებითაც შევეცადეთ. როგორც აღმოჩნდა, ანაგის სასმელი წყლის სამუშოები კომპანია "ბურჯი +"-მა შეასრულა, რომლის დამფუძნებელიც მერიის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ნოდარ ბაკაშვილია. მან მერიაში მუშაობა 2012 წელს დაიწყო, 2013 -2015 წლებში კი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი იყო და ტენდერებშიც იღებდა მონაწილეობას, ორი წლის განმავლობაში "ბურჯი +"-ს 1,2 მილიონი ლარის ღირებულის ტენდერი აქვს მოგებული. 2015 წელს კი ნოდარ ბაკაშვილმა თავის ბიძაშვილ თამაზ ბაკაშვილს წილი 50 ლარად მიჰყიდა და ასე კომპანია კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას. ჩვენ ნოდარ ბაკაშვილთან სახლში მივედით , მაგრამ შინ არ დაგვხვდა და  მობილურზე ვესაუბრეთ. მისი თქმით, კომპანიასთან დიდი ხანია, არაფერი აკავშირებს. 

ჩვენ თამაზ ბაკაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც ანაგის სასმელი წყლის რეზერვუარების სამუშაოების გაწელვას კი ტექნიკურ დეტალებს უკავშირებს.

აღმოჩნდა, რომ "ბუჯი +" ის კომპანიაა, რომელსაც სიღნაღის მერია ხშირ შემთხვევაში გამარტივებული, ე.წ. ერთ პირთან მოლაპარაკებით 800 000 ლარის ტენდერი აქვს გაფორმებული. ანაგის წყლის რეზერვუარზე ჯამში 385 ათს ლარზე მეტი დაიხარჯა, კომპანიისთვის ამ ხნის განმავლობაში სამუშაოების ერთხელ გადაწევაც მოხდა, პროექტი ამ კუთხით აუდიტის დასკვნაში მოხვდა, რადგან მაკონტროლებელმა ორგანომ ვერ მოიპოვა შესაბამისი მტკიცებულებები, სამუშაოების ღირებულების 35.0 ათასი ლარით (10%) გაზრდის გამო, რატომ გახდა აუცილებელი ვადის გაგრძელება 91 დღით. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტული პასუხები კითხვაზე - როდის შეძლებენ ანაგელები სასმელი წყლით სარგებლობას და ბოლოს და ბოლოს, როდის დაამარცხებს კახეთი უწყლობას. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი