"მთავარის" ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ დღეს გატაცებულებიდან 1-მა გაქცევა მოახერხა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ გატაცებული 6 პირიდან ერთმა გაქცევა მოახერხა. ხუთი დაკავებული ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

ინციდენტი დღეს დილის საათებში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 6 პირი მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ისინი უკანონოდ დააკავეს.

როგორც სოფელ მეჯვრისხევში ამბობენ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები თავად გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი დაახლოებით ნახევარი კილომეტრით გადმოკვეთეს.

"საოკუპაციო ხაზიდან 500 მეტრით გადმოვიდნენ რუსები და წაიყვანეს. [ძმისშვილმა] მოასწრო გამოქცევა, სხვები დააკავეს", - ამბობს ადგილობრივი "მთავარ არხთან".

საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც. უწყება ამბობს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები. საკითხზე პარლამენტში ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი