მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე საგამოძიებო განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2023 წლის 7-9 მარტს, პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თაობაზე, სხვადასხვა წყაროდან ჯამში 124 შეტყობინება შევიდა, რომელიც აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევას ეხებოდა.

როგორც უწყება აღნიშნავს, გამოძიების შესწავლის საგანს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებული ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებიც წარმოადგენს.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება უზრუნველყო. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 142 მოქალაქე (მათ შორის 19 ჟურნალისტი და 24 პოლიციელი, რომელთა გამოკითხვებიც გრძელდება). 33 პოტენციურ მსხვერპლს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა შეეთავაზა, მათ შორის 8 ჟურნალისტს.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა 18 პირის მიმართ დაინიშნა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შემთხვევის ადგილი 8 სხვადასხვა ლოკაციაზე დათვალიერდა, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები.

მომხდარი ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ძალის შესაძლო გადამეტების საკითხის შესწავლის და ასევე გამოძიებისთვის საინტერესო ინდივიდუალურ ეპიზოდებში სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი სამართალდამცავების იდენტიფიცირების და ამოსაცნობი ნიშნების დადგენის მიზნით, გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერები, ასევე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტიდან, შსს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-დან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან და პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებული სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან (საერთო ჯამში 43 ობიექტიდან, 7 კი - ტელევიზიიდან) გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ასახულია 7-9 მარტს რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები.

ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 4 200-ზე მეტ საათს შეადგენს. საგამოძიებო ჯგუფი აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მოპოვებული ვიდეომასალის დათვალიერებას.

სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა აქციაზე დაკავებულ პირთა დაკავების ოქმები და სხვა დოკუმენტაცია; თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს დაკავებულ აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა.

გამოძიების მსვლელობისას სისხლის სამართლის საქმეზე დაემატა კვალიფიკაცია და გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასთან ერთად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზეც მიმდინარეობს", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულში მხილებული პირების იდენტიფიცირების შემთხვევაში, სამსახური კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ღონისძიებებს გაატარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი