
"გულდასაწყვეტია დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი", - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს:
"გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.