
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია", - ასე ეხმაურება დღეს განვითარებულ მოვლენებს ამერიკის საელჩო და განცხადებას ავრცელებს.
''დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.''- წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.