"ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი კუთვნილი ქონება გაანადგურეს ან მიითვისეს" | Tbilisi Open Air

გამოქვეყნდა:

"ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი კუთვნილი ქონება გაანადგურეს ან მიითვისეს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Tbilisi Open Air წერს და განმარტავს, რომ "შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მიიღეს უარი, ამიტომ გამოიძახეს ფესტივალის კერძო დაცვა".

"ვეხმაურებით და სასტიკად ვგმობთ ჩვენი ფესტივალის ტერიტორიაზე განხორციელებულ ვანდალურ ქმედებებს, რომლებსაც დღეს ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობრივი პრორუსული ჯგუფები ახორციელებდნენ.

ჩვენი ფესტივალის ტერიტორიას, Lisi Wonderland-ს, იჯარის საფუძველზე ვქირაობთ ყოველწლიურად და მასზე განთავსებული ინვენტარი ფესტივალის საკუთრებაა. 

ტერიტორიაზე შეჭრილმა აგრესიულმა ჯგუფებმა არამარტო პრაიდ ფესტის, არამედ ჩვენი და ჩვენი ფესტივალის პარტნიორების კუთვნილი ქონება დააზიანეს, გაანადგურეს ან მიითვისეს. გატეხილია ჩვენი საწყობი და მოპარულია ხელსაწყოები, ასევე დაზიანებული ან განადგურებულია ფესტივალის კონსტრუქციები, სასცენო დეკორაციები, ჩვენი პარტნიორების კუთვნილი სარეკლამო საშუალებები.

ეს არის კერძო ტერიტორიის მიზანმიმართული განადგურება, ინვენტარის დაზიანება და ძარცვა. შსს-თან თანამშრომლობისა და დახმარების მიღების მცდელობის მიუხედავად, პასუხად მივიღეთ უარი, ამიტომ გამოვიძახეთ ფესტივალის კერძო დაცვა, რათა აღარ გაგრძელდეს ტერიტორიის განადგურება, თუმცა რა კადრებიც დღეს გავრცელდა, ისედაც ცხადია, რომ საქმე გვაქვს დიდ ზარალთან, რომლის ანაზღაურებასაც ვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომელმაც წაახალისა ველური ჯგუფები და ხელი შეუწყო როგორც პრაიდ ფესტის ჩაშლას, ასევე ჩვენი ფესტივალის ტერიტორიის მიზანმიმართულ განადგურებას, რაც საათების განმავლობაში გრძელდებოდა, პოლიციის თანამშრომლები კი მხოლოდ ბრბოდან ნაცნობების გამორჩევითა და მათი ჩახუტებით შემოიფარგლებოდნენ. 

Tbilisi Open Air 14-წლიანი გამოცდილებით სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და სიყვარულის იდეაზე დგას. დაუშვებლად მიგვაჩნია ყოვლად ამორალური და ადამიანური ღირებულებებისგან დაცლილი ძალადობრივი ჯგუფების უკანონო ყოფნა და ქმედება თბილისი ოფენ ეარის ტერიტორიაზე, იქ, სადაც ათი ათასობით ადამიანი სწორედ თავისუფლების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების გარშემო იკრიბება.  

ის, რაც დღეს აგრესიულმა ჯგუფებმა ჩაიდინეს საფესტივალო ტერიტორიაზე, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს.

სიყვარული სიყვარულია!" - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი