
"დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი, როცა მორიგ ჯერზე ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები", - ასე ეხაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია.
"ცხადია, შავრაზმელების შიშით ლგბტ თემი ვერ გაქრება და არც უნდა გაქრეს, რადგან ეს სიბნელის გამარჯვება და მიზნის ასრულება იქნება.
დღევანდელი დარბევით მდგომარეობის გაუარესების სპირალის კიდევ ერთი ხვეული გავიარეთ: ავტორიტარულმა რეჟიმმა მოწყვლადი ჯგუფი კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა და თავისი პროპაგანდით მორიგ ჯერზე გააძლიერა ეცადა მისგან მტრის ხატი შეექმნა. უდავოა ისიც, რომ რეჟიმი ამას საკუთარ გამარჯვებად და პროპაგანდისტული ამოცანის შესრულებად მიიჩნევს და საერთოდ არ გრძნობს თავს დასუსტებულად ან, მით უფრო, დამარცხებულად.
ცხადია, როგორ უნდა მოიქცეს თემი, მხოლოდ თემის გადასაწყვეტია საკუთარი ინტერესების ურთიერთშეჯერებით და შესაძლო შედეგების ურთიერთშეწონვით, არსებული კონტექსტის გააზრებით და პროცესების სავარაუდო განვითარების რაციონალური პროგნოზირებით.
ჩემი აზრით კი, დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის მორიგი მარცხი, როცა მორიგ ჯერზე ფეხქვეშ გაითელა კონსტიტუცია და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. და ამის თქმა ყველა პასუხიმგებლიანი მოქალაქის ვალია.
თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო მარცხი, რომელიც წინასწარ იყო ცნობილი, დამდგარი შედეგები კი საკმარისად გარჩევადი და მაღალი ალბათობით პროგნოზირებადი. და ამის თქმაც ყველა პასუხიმგებლიანი მოქალაქის ვალია, - წერს ნიკა გვარამია.
შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.