"მთავარი არხის" ჟურნალისტი და ოპერატორი დეა მამისეიშვილი და ზურა ჩხირკვია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. მედიის წარმომადგენლები გუშინ, 8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარედ მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ გამოკითხავენ.
როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი, დეა მამისეიშვილი ამბობს, მას უწყებისგან ეფექტური გამოძიების მოლოდინი არ აქვს.
"ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ხელს გვიშლიან გადაღებაში. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების არაერთი მცდელობა, რამდენიმე მათგანი გამოუვიდათ მოძალადე ჯგუფებს. განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაშიც ჰქონდათ ჩემს ოპერატორზე, რაც პრინციპში დაამკვიდრეს ეს პრაქტიკა მოძალადე ჯგუფებმა ანგარიშსწორების.
მე ძალიან მინდა ახლა შემეძლოს იმის თქმა, რომ როცა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მივალ და ჩვენებას მივცემ, ამ გამოძიებას ექნება რეალური შედეგი, მაგრამ არ შემიძლია, რადგან ეს არის ის პრაქტიკა, რომელიც დანერგა ქართულმა ოცნებამ - ჩვენზე ფიზიკურად, სიტყვიერად ძალადობენ, გვემუქრებიან, მაგრამ არანაირი შედეგი არ არის, არავის პასუხისმგებლობა არ დგება, არავის შემთხვევაში, შესაბამისად, მოგატყუებთ რომ გითხრათ, რომ პოზიტიური მოლოდინით მივდივარ იქ.
თუმცა ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ, კიდევ ერთი ფაქტის შესახებ მოვუყვე საგამოძიებო უწყებას და ასევე ვალდებული ვარ ჩემი ამ ჟესტით ვაჩვენო ქართულ ოცნებას, რომ ყოველ მომდევნო ჯერზე, რა მასშტაბის თავდასხმაც არ უნდა დაგეგმონ, მათ ეს არ გამოუვათ, თუ სურთ, რომ არ გავაშუქოთ, არ ვისაუბროთ, ხალხს არ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია", - თქვა დეა მამისეიშვილმა.
შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.