მრავალმილიონიანი პროექტი, რომელმაც წვიმას ვერ გაუძლო. ქუთაისის ახლადრეაბილიტირებულ საერთაშორისო აეროპორტში ჭერი ჩამოიშალა და შენობა დატბორა. ახლა აეროპორტში სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ, თუმცა ოფიციალურ დასკვნამდეც მარტივად პროგნოზირებადია, რა გახდა ჭერის ჩამონგრევის მიზეზი - უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები.
სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი კონტრაქტორი ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია "ანაგია", სწორედ მან ჩაატარა ძირითადი სამუშაოები, თუმცა ახლა პასუხისმგებლობას იხსნის. "მთავარი არხის" ზარებს არ პასუხობს ის სამშენებლო ჯგუფი, რომელმაც უშუალოდ ჭერის რეაბილიტაცია განახორციელა.