
სამწუხაროა თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია-აშშ-ის ელჩი პრაიდ ფესტივალზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. დეგნანის თქმით, სიძულვილით სავსე ადამიანები ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად და ღმერთის სახელით მოქმედებდნენ - "თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან" -აცხადებს დიპლომატი.
"მინდა ლისის ტბაზე მომხდარის კომენტარით დავიწყო. ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით სავსე ადამიანების ნახვა, რომლებიც ძალადობას იყენებდნენ მშვიდობიანი კონცერტის აღსაკვეთად, განსაკუთრებით, როდესაც ისინი აცხადებდნენ, რომ ღმერთის სახელით მოქმედებდნენ. ადამიანი შესაძლოა, ბევრ რამეს არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ ქრისტიანული ღირებულებები უპირველეს ყოვლისა თანაგრძნობას, სიყვარულს, ტოლერანტობასა და პატივისცემას ეხება. იმას, რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი.
გასული კვირის, შაბათის მოვლენების წინა დღეს შსს-ს მაღალჩინოსნებმა დამარწმუნეს, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის პერიმეტრზე ვერ შეიჭრებოდნენ და უსაფრთხო დისტანციაზე იქნებოდნენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც კონცერტს ესწრებოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.
ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა თბილისის ქუჩებში რამდენიმე კილომეტრი ფეხით ევლო ძალადობისკენ მოწოდებებით. მათ საშუალება მიეცათ არა მხოლოდ პოლიციის პერიმეტრში შეჭრილიყვნენ, არამედ დაერბიათ და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან რეაგირების გარეშე.
სამწუხაროა, თბილისის ქუჩებში მოქალაქეებზე კოორდინირებული თავდასხმების სერია. რადიკალები, რომლებიც შაბათს ვნახეთ, იყვნენ იგივე რადიკალები, რომლებმაც მოაწყვეს ძალადობა 2021 წელს. ვფიქრობ, თბილისში ყველა ბევრად უფრო დაცულად იგრძნობს თავს, როცა ვიდეოზე ასახულ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან". - თქვა დეგნანმა.
შეგახსენებთ, მოძალადე რადიკალებმა შაბათს, პრაიდ ფესტის ტერიტორიაზე შეღწევა პოლიციის რამდენიმე კორდონის გარღვევის შედეგად შეძლეს. ფესტივალის ორგანიზატორები იძულებული გახდნენ ტერიტორია დაეტოვებინათ. სამართალდამცველებმა მათ უსაფრთხოების გარანტიები ვერ მისცეს.