ვერაზე, ჯანაშიას ქუჩაზე 50-მდე პირი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გუშინ, 14 ივლისს, გვიან ღამით მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირებისას რამდენიმე პირი ერთმანეთს ბლაგვ საგნებსა და ბოთლებს ესროდა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, პოლიციამ 5-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ისინი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია - არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ჩართული პირები, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ამოღებულია ვიდეო-კამერებიც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ მომხდარი დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მათ არაერთხელ მიმართეს პოლიციას, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მერიის სამსახურში გადაამისამართეს.