
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, 2018 - 2022 წლებში თელავის მერიამ ნადიკვრის პარკის რეაბილიტაციაზე 1.5 მილიონი დახარჯა. რეაბილიტაცია 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვადამ 2-ჯერ გადაიწია. შედეგად პარკი კვლავ გადათხრილი და დაუსრულებელია.
"თელავის მერიამ 493,000 ლარი გადაიხადა პარკში ამფითეატრის გადახურვისა და ფანჩატურების მოწყობისთვის, თუმცა სამუშაოები ჯეროვნად არ შესრულებულა და ამფითეატრი კვლავ უფუნქციოა.
პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერებში შპს “ბერმუხამ” და შპს “პარამეტრმა” 2018-2022 წლებში უკონკურენტოდ გაიმარჯვეს.
იმავე წლებში თელავის მერიამ ე.წ. ხევის მიმდებარე პარკის ნაწილის რეაბილიტაციაში 235,000 ლარი გადაიხადა. თუმცა აქედან ორ წელში 3,351,254 ლარის ღირებულების ახალი ტენდერი გამოაცხადა, რის შემდეგაც, 2019 წელს, რეაბილიტირებული ნაწილი ხელახლა გადათხარეს ახალი რეაბილიტაციისთვის. გამოდის, 235,000 ლარი ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაშიც ტყუილად გაიფლანგა," - ამბობს ორგანიზაცია.