
ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გუშინ, 16 ივლისს უნდა დასრულებულიყო, 8 თვით გახანგრძლივდა. სამუშაოებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი შემომწირველი კომპანია ახორციელებს.
კომპანია "ბადა ჯგუფის" დირექტორს მმართველი პარტიისთვის 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. კომპანიას 4,2 მილიონი ლარის ხელშეკრულება მერიამ ტენდერის გარეშე გაუფორმა. მის მფლობელს ბაჩანა ადამიას კიდევ რამდენიმე კომპანია აქვს, რომელსაც საერთო ჯამში გამარტივებული წესით 100-ზე მეტი შესყიდვა აქვს შესრულებული.
12 ივლისს თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ "ავლაბრის" ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა გამოიკვეთა.
მისი თქმით, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა. კონსოლის დემონტაჟის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ "ავლაბრის" ორი კვირით დახურვა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გახანგრძლივებას ოპოზიცია კორუფციულ გარიგებას უკავშირებს.