ატენის სიონის ეზოში ადამიანის ძვლები ყუთებში და ტომრებშია ჩალაგებული. ინფორმაციას და ვიდეოს ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს, რომელიც ტაძრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ ადგილზე - პატარა ფარდულის მსგავს ნაგებობაში, ნახეს ძვლებით სავსე ტომრები, თუმცა ვერ მიიღეს პასუხი რატომაა მსგავსი სიტუაცია.
თავად მოქალაქე ვარაუდობს, რომ ძვლები ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობების დროს ამოიღეს მიწიდან.
"ამ ყუთებში თქვენი წინაპრების, ქართველების, რომლებმაც საქართველო და ქრისტიანობა დღევანდელ დღემდე მოიტანეს, მათი ძვლები ყრია შიგნით, როგორც ნაგავი. ცხადია ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება განცხადებაც გააკეთონ, რომ მოწიწებით აპირებენ ამის დაკრძალვას, რადგან ასეთი მონაპოვარი ჩნდება ხოლმე.
ეს ყველაფერი ალბათ შეეწირა აქ რაღაც ნაგებობების მშენებლობას, თანამედროვე ბეტონის ნაგებობების მშენებლობას", - ამბობს მოქალაქე, რომელმაც ატენის სიონში ძვლები აღმოაჩინა.
ადგილზე იმყოფებოდა "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი, თუმცა ატენის სიონში სასულიერო პირებმა ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცეს და პოლიცია გამოიძახეს. პოლიციაში მამა კოზმა დარეკა, რომელმაც 112-ის თანამშრომელს უთხრა, რომ "მთავარი არხი" ატენის სიონის ტერიტორიაზე უნებართვოდ შედის და ვიდეოს იღებს.