
ჟურნალისტთა უფლებების დაცვის კომიტეტი (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. მასალის ავტორი, CPJ-ს საგანგებო საქმეთა დირექტორი, ლუსი ვესკოტი იხსენებს საქართველოში ვიზიტს, რუსთავის ციხეში ჩასვლას, ნიკა გვარამიას მეუღლესთან საუბარს და სხვა დეტალებს.
სტატიაში საქართველოში მედიის მდგომარეობა და პოლიტიკური სიტუაციაა მიმოხილული.
CPJ წერს, რომ საქართველოში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური კლიმატი გაუარესდა. ავტორი, ლუსი ვესკოტი, ფიქრობს, რომ მკვეთრმა პოლარიზაციამ იმის თაობაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა - რუსეთისკენ თუ ევროპისკენ - ხელი შეუწყო მედიაგარემოს გაუარესებასაც. აღნიშნულია, რომ დაძაბულობამ მოსკოვის უკრაინაში შეჭრის რეგიონული გავლენის გამო, მხოლოდ გააღრმავა დაყოფა ქვეყანაში.
სტატიაში საუბარია 2021 წლის 5 ივლისზე, რასაც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება მოჰყვა. CPJ-ის კორესპონდენტი, ნიკ ლუისი, 5 ივლისის მოვლენებს "მედიისთვის შემობრუნების მომენტს" უწოდებს.
ავტორი იხსენებს მარტში, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებსაც, რასაც მომიტინგეთა დაკავება და დასჯა მოჰყვა. მედიის შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია ოპოზიციური ტელეკომპანიების ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციების შეჩერების ფაქტებიც. ამას გარდა, ნახსენებია ე.წ. SLAPP სარჩელებიც, რომელსაც ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ აქტიურად იყენებს.
CPJ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამია არის ერთადერთი ჟურნალისტი საქართველოში, რომელიც დააპატიმრეს შურისძიების მიზნით. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბრალდებებს, რომლებიც გვარამიამ უარყო, ევროპარლამენტმა"საეჭვო" უწოდა და აღნიშნა, რომ მისი სასჯელი საქართველოში აღიქმება, როგორც "მოქმედი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობად".
"ხელისუფლების სათავეშია პოპულისტურ-კონსერვატიული პარტია ქართული ოცნება, რომელსაც გვარამიაც და სხვებიც რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნის გამო აკრიტიკებენ", - წერია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ქართველების დასავლური მისწრაფებები სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით კარგად არის დოკუმენტირებული და რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა 89 და 73 პროცენტს შეადგენს.
"ევროკავშირმა, რომელიც ყურადღებით ადევნებდა თვალს გვარამიას საქმეს, მის პატიმრობას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემაფერხებელი უწოდა. გვარამიასა და სხვა ოპოზიციონერი ჟურნალისტებისთვისა და მოღვაწეებისთვის, ეს არის რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა - ევროპული მომავლისთვის, რომელიც ხასიათდება დემოკრატიითა და პრესის თავისუფლებით", - წერია სტატიაში.