სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს - DRI

გამოქვეყნდა:

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წერს, რომ სადაო კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის უფლებას ანიჭებს. ორგანიზაციის ცნობით, აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის უცხოელებზე გაყიდვა ამ დრომდე აკრძალულია, რაც არაერთხელ გამხდარა რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების გაღიზიანების საბაბი.

DRI-ს ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამებტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის დღეებში აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი "აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ" ახალი კანონის მიღებაზე და ამოქმედებაზე მსჯელობს. საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი დე ფაქტო პრეზიდენტია.

"საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასლან ბჟანია დე ფაქტო პარლამენტისგან კანონპროექტის მიღებას ივლისის თვეშივე მოითხოვს. 

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს „აპარტ-სასტუმროებში“ ბინების შეძენა აღარ ეკრძალებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი (ან მათი ოჯახის წევრი) აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ წინააღმდეგ მოქმედებებში მონაწილეობდა", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქონების საკუთრებაში ქონა ვერ გახდება აფხაზეთში ბინადრობის უფლების ან "მოქალაქეობის" მიღების საფუძველი, თუმცა, აფხაზური საზოგადოების ძირითადი ნაწილი კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდეგება. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ახალი კანონმდებლობის მიზანი აფხაზეთის სტრატეგიული ქონების რუსების საკუთრებაში გადაცემა იქნება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, აფხაზეთში მიმდინარე პროცესები, გრძელვადიან პერსპექტივაში, აფხაზეთის ანექსიის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს და მსგავსი ინიციატივების განხორციელება კონფლიქტის რეგულირებამდე დაუშვებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი